აქ არ არის ერთი შეხებით დაზიანება. თხოვნაა, შეეშვათ სიცრუის გავრცელებას – ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დაეკისრება – მე რომ მიკროფონი გამოგართვათ, თავში ჩაგარტყათ და გითხრათ, არაფერ შუაში ვარ, რადგან მიკროფონი მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ. „ყველაფერი ჩემი ბრალია“ ეს გინდათ, თქვენ. დამშვიდდით, „ყველაფერი ჩემი ბრალია“,- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში მომხდართან დაკავშირებით მის შესაძლო პასუხისმგებლობას ეხებოდა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, უამრავი ვიდეო აქვთ და საზოგადოებას მიაწვდიან, თუ რა ხდება ახალ რეაბილიტირებულ სივრცეებში.
შეგახსენებთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში ბავშვის დაშავების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა. გამგეობა აღნიშნავდა, რომ ატრაქციონი რამდენიმე მოზარდმა დააზიანა, წაქცეული კონსტრუქცია კი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა. მათივე ცნობით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

Leave a Reply