თბილისში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას საქმეზე სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, ნინო კაპატაძემ ჩვენება მისცა. ჩვენების დეტალებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
როგორც ექიმმა აღნიშნა, შემთხვევის დღეს ახალგაზრდა ქალი თავად მივიდა იმ კორპუსთან, სადაც სასწრაფო დახმარების ფილიალია და შველა ითხოვა. მისი თქმით, ქალის ქცევა თავიდანვე უჩვეულო იყო, რადგან კითხვაზე – რა მოხდა – პასუხი ვერ მიიღო.
ექიმის ჩვენებით, ადგილზე მისულებს სადარბაზოში, კიბის უჯრედთან, ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. შემოწმებისას მათ გულ-მკერდის არეში, მარცხენა მხარეს, შემავალი ჭრილობა აღმოაჩინეს.
პროკურორის კითხვაზე, ჰქონია თუ არა მსგავსი თვითმკვლელობის შემთხვევა, ექიმმა განაცხადა, რომ პირადად არ შეხვედრია შემთხვევა, როდესაც პაციენტს გულში დანით მიყენებული ჭრილობა თვითმკვლელობის შედეგი ყოფილიყო.
სასამართლოში ჩვენება მისცა „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ოპერატორმაც, ქეთევან სტურუამ.
ოპერატორის განცხადებით, კლინიკაში იმყოფებოდა თავად თეკლა გერსამიაც, რომელიც აღელვებული იყო და ძირითადად ერთი და იმავე კითხვას იმეორებდა – „ცოცხალია თუ არა“. მისივე თქმით, ბრალდებულმა პაციენტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა. გერსამიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თეკლა გერსამიას საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს. იგი ბრალს არ აღიარებს.

Leave a Reply