“თქვენ იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს!” – რას ამბობს მამუკა მდინარაძე

Written by

in

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა და სულ ბოლო შემთხვევა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანას უკავშირდება.

“თუ გნებავთ ოდნავ დავაკონკრეტებ და მეტს არავინ აღარაფერს იტყვის ამაზე, შემდეგ ევროპის ერთი-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დავაკავეთ.

ჩვენ დღე-ნახევარია იმასაც ვხედავთ, რომ ამ საკითხშიც კი ეჭვის შეტანას ცდილობენ და რადგან ასე დააყენეს საკითხი, მე ვთხოვ უსაფრთხოებისა სამსახურს, გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს დირექტივებს ადამიანი კონკრეტული ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას თანხას კონვერტით და როგორ აწერს ხელს შესაბამისს უწყისზე, მე აქედან გავალ თუ არა, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს სამი ნაწილი გამოაქვეყნოს. გამოქვეყნდება ინსტრუქტაჟის მიღების, ფულის მიღებისა და ხელმოწერის ნაწილი ამის იქით გასაიდუმლოება ვერ მოხდება, ხვდებით რატომაც” – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს და ასევე, “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *