– გადავიდეთ სხვა მნიშვნელოვან ამბებზე. გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, რომ ე.წ. ფასების დაწევის საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და გარკვეული რეკომენდაციებით მიმართა მთავრობას. ახლა მთავრობამ უნდა განიხილოს ეს რეკომენდაციები და შემდეგ გადადგას ნაბიჯები ფასების დასაწევად. მოგეხსენებათ, თავიდან კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ევროპული და ქართული ფასები შეადარა ერთმანეთს და თქვა, რომ ქართული უფრო მაღალია. დღეს კი გვარწმუნებენ, რომ რაღაც შეიცვალა და უცებ ევროპულზე იაფი ფასები აღმოგვაჩნდა, თუმცა მომხმარებელს სავაჭრო ობიექტებში სულ სხვა სიტუაცია ხვდება. როგორ შეაფასებთ კომისიის მუშაობას და თავისუფალი ბაზრის პირობებში რამდენად შეუძლია მთავრობას ხელოვნურად განსაზღვროს ფასები დაიწევს თუ მოიმატებს?
– თქვენ დაგავიწყდათ გაგეხსენებინათ კობახიძის განცხადება, რომ თურმე ნახევარი კილოგრამი საქონლისა და ღორის ხორცის ყიდვა 10 ლარად შეგვიძლია. უფრო ცოცხალი ტყუილი ბოლოს როდის მოვისმინე, არც მახსოვს. აი, ამგვარი მატყუარა მთავრობა გვყავს. ეს პოპულისტურად წამოწყებული ე.წ. ფასების დაწევის კამპანია კი სრულ კატასტროფად მეჩვენება. რაც შეეხება კომისიის დასკვნას, მე იქ ვერც ერთი რეალური რეკომენდაცია ვერ ვნახე. ჩემი აზრით, ამ დასკვნით მხოლოდ ერთი რამ ითქვა – ხელისუფლება ფასებთან ვერაფერს გახდება.
კობახიძე ჯერ ყვიროდა, იმპორტიორების ბრალია ფასების გაზრდაო, მერე აღმოაჩინა, დისტრიბუტორების ბრალი ყოფილაო, ბოლოს კი გაირკვა, რომ არც ეს ყოფილა მიზეზი – თურმე კანონმდებლობაა ხარვეზიანი, ამასთანავე, ბანკების საკითხი დადგა დღის წესრიგში, ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა სრულიად შესაცვლელი და ა.შ……
ახლა მოგიყვებით, რეალურად რა მოჰყვა ამ პოპულიზმს – მიადგნენ აფთიაქებს და მოსთხოვეს ფასების დაწევა, შედეგად გაქრა არაერთი წამალი. მაგალითად, ერთი მათგანი მეც დამჭირდა და იძულებული გავხდი თურქეთიდან გამომეწერა. აი, ეს არის მათი მუშაობის შედეგი.
საქმე კი ის არის, რომ დილეტანტმა არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმას, რაც არ იცის. კობახიძეს ბაზრის არაფერი გაეგება. მას მხოლოდ ლაპარაკი უყვარს. ჰგონია, ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ არაფერია მარტივი. ქართულ ცხოვრების წესს კაბინეტიდან გაცემული დირექტივებით ვერ შეცვლი.დისტრიბუტორების, საწვავის იმპორტიორების საკითხი რომ არ მოგვწონს, ეს პრობლემა განცხადებებით ვერ მოგვარდება, ამისთვის მთელი სისტემაა შესაცვლელი. შესაცვლელია თვითონ მიდგომა, როცა მთავრობის წევრებად პროფესიონალების ნაცვლად ყურმოჭრილ მონებს ნიშნავენ. ვინ გვყავს ეკონომიკის მინისტრად? იცის საერთოდ რამე ტურიზმის გარდა? საერთოდ, ეკონომიკა იცის? ეს ქალბატონი მთელი ცხოვრება ტურიზმს ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად საერთოდ ტურისტული აგენტი იყო და დღეს ეკონომიკის მინისტრად გვყავს. ჰოდა, რაზეა ლაპარაკი? აი, ეს არის ჩვენი ცხოვრების უბედურება – მთავრობაში არა გვყავს არც ერთი პროფესიონალი. აი, სწორედ ამ ყველაფრის მაგალითია მამუკა მდინარაძეც, რომელიც, არ ვიცი, კარგი ადვოკატია თუ ცუდი, მაგრამ, ფაქტია, ამ პროფესიის კაცია და ეს ადამიანი დანიშნეს სუს-ის უფროსად, რომელსაც უსაფრთხოების სფეროში ერთი დღეც არ უმუშავია. ახლა იქიდან მოხსნეს და სამართალდამცავთა კოორდინატორად გადაიყვანეს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მდინარაძე ჯერ ზოგადად რისი გამკეთებელია, მერე ამ საქმეში, მხოლოდ თუ გააფუჭებს რამეს. თუმცა კობახიძისთვის ყველაფერი მარტივია და ამ მარტივი გადაწყვეტილებებით ისე ძალიან ართულებს საქმეს, რომ ამათ მერე ვინც მოვა, კარგა ხნის განმავლობაში მოუწევს ამ შეცდომების გამოსწორება.
– რადგან საკადრო ცვლილებები ახსენეთ, ბარემ გკითხავთ: ბევრი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში კობახიძესაც შეცვლიან. თქვენ თუ ხედავთ მოვლენების ასეთ განვითარებას?
– ღმერთმა ქნას, შეცვალონ, მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა. და კიდევ, ეს ცვლილებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის, გვარს არ დავასახელებ, უსაფრთხოების გარანტიების გასაზრდელად. ყოველ შემთხვევაში, ის გუნდი, რომელიც ახლანდელ პრემიერ-მინისტრთან იყო დაახლოებული, სულ უფრო შორდება მას.
– გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე – ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც, ჩემი აზრით, დიდ გაუგებრობაშია. არავინ იცის, რა პოლიტიკას ატარებს დღეს ხელისუფლება. აცხადებენ, რომ 2030 წელს ევროკავშირში გავწევრდებით, მეორე დღეს კი გამოდის პაპუაშვილი და ამბობს, რომ პრინციპების დათმობის ხარჯზე გაწევრება თვითმიზანი არ არის; საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მაისის ბოლომდე ელოდებიან დელეგაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ამავე დროს კი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სამიტში ერევანში. როგორ აიხსნება ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები?
– სამწუხაროდ, დღეს საგარეო პოლიტიკა, ფაქტობრივად, არა გვაქვს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება საგარეო პოლიტიკაში მოხდეს, არის ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა. ამის ნათელი მაგალითია ტრამპი – მისი ყველა ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ასევე დარბის ერთი პოლუსიდან მეორეზე.
არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკასთან ურთიერთობა ცოტა გაუმჯობესდეს კიდეც, რადგან ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ტრამპს მოეწონებოდა, ყოველ ნაბიჯზე იტყუებიან. ტრამპიც ასეა: დღეში ორჯერ ამბობს ურთიერთგამომრიცხავ რამეს. აი, ასეთ რაღაცას ვაწყდებით ჩვენც. ვიღაცებს ჰგონიათ, პოლიტიკოსი გამონათქვამებით ფასდება. არა, ბატონო, პოლიტიკოსი საქმეებით ფასდება. საქართველო პატარა ნავივითაა, საითაც ტალღა წაიღებს, იქით მიდის. არავითარი გააზრებული პოლიტიკა ჩვენ არა გვაქვს. ერთადერთი, რითაც ამაყობენ, ისაა, რომ ომში არ ჩავერთეთ, თუმცა ამის ალბათობაც ძალიან დაბალი იყო. ეს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტია და არა თანმიმდევრული პოლიტიკა. არც პაპუაშვილმა, არც კობახიძემ და არც მათმა უფროსმა არ იციან, უნდათ თუ არა ევროკავშირი. მათ არა აქვთ მყარად ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ საით და როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. მოიქცევიან ისე, კონკრეტულ ვითარებაში რაც დასჭირდებათ, უფრო საკუთარი თავის გადასარჩენად, ვიდრე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. 2030 წელს რა იქნება, არავინ იცის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რუსეთი – გამარჯვებული თუ დამარცხებული, ძლიერი თუ სუსტი. მათთვის მთავარია თვითგადარჩენა და არა ის იმპერატივი, რომ ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი განვითარდეს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის პროვინციული თეზისი: პოლიტიკა პოლიტიკისთვის და არა ხალხისთვის. ამიტომაცაა ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები: ჯერ ვაგინებთ ამერიკას, გავიძახით დეეპ სტატე (ე.წ. გლობალური ომის პარტია) მართავსო, მერე კი ერთი-ორი თვეა ეს სიტყვა აღარ გვსმენია. სად წავიდა? გაფრინდა? ახლა აღარ ახსოვთ…
– დასასრულ ოპოზიციაზეც ვისაუბროთ. ბოლო დროს ცდილობენ გააქტიურებას, შეიქმნა ალიანსი, რომელშიც მაინცდამაინც დალაგებული არ ჩანს საქმე, მაგრამ გეგმავენ რეგიონებში გასვლას და 26 მაისს დიდ საპროტესტო შეკრებას თბილისში. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორ ტაქტიკას ირჩევს ოპოზიცია და ხედავთ თუ არა ცვლილებების მისაღწევად საჭირო აქტივობებს? განაგრძეთ კითხვა

Leave a Reply