გარდაცვლილი ახლობლის სასაფლაოს მონახულება თითქმის ყველა კულტურის მქონე ხალხთა ტრადიციაა. ამ გზით ადამიანები პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს. თუმცა საფლავი პირველ რიგში, სიკვდილთან და ბოროტ ძალასთან ასოცირდება და ხალხშიც ოდითგანვე არაერთგვაროვან ემოციებს იწვევდა. სწორედ ამან განაპირობა არაერთი წესი, აკრძალვა თუ ჩვეულება, რომლებოც საფლავზე მისულ ადამიანებს უნდა დაეცვათ.
შეიძლება ბევრს არ სჯერა სხვადასხვა ნიშნების, თუმცა ალბათ საინტერესოა ის წესები და აკრძალვები, რომლებიც საფლავებთან დაკავშირებით საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
არ მიიხედოთ უკან სასაფლაოდან გამოსვლისას
სასაფლაოზე ყოფნა არის დრო, როდესაც ადამიანები იხსენებენ გარდაცვლილებს, ალაგებენ საფლავებს და შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან. ერთ-ერთ ცუდ ნიშნად ითვლება უკან მიხედვა სასაფლაოდან გასვლისას. ხალხში არსებობს რწმენა, რომ ამით შეიძლება „სულები თან წაიყოლოთ“ და უბედურება დაიტეხოთ თავს.
თუმცა ამ აკრძალვის რეალური არსი უფრო მარტივი და ფსიქოლოგიურია: თუ ადამიანი უკან იყურება, ეს ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ არ გაუშვია გულიდან გარდაცვლილი. ასეთი მდგომარეობა ხშირად იწვევს შინაგან შფოთვასა და დეპრესიას და ადამიანს წინსვლის საშუალებას არ აძლევს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი გაუშვას წარსული და გააგრძელოს ცხოვრება.
ორსულებმა და ჩვილებმა არ უნდა იარონ საფლავზე
არსებობს მოსაზრება, რომ სასაფლაოს მონახულება არასასურველია ორსულებისთვის და ძალიან პატარებისთვის. უწინ ეშინოდათ, რომ გარდაცვლილებს „ახალი სული“ არ წაეყვანათ.
რეალურად, მიზეზი უფრო პრაქტიკულია: სასაფლაო არის სევდის, მწუხარებისა და ცხოვრების შეჩერების სიმბოლო. ორსულებისთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური ემოციური მდგომარეობა — სიმშვიდე, სიყვარული და ბედნიერება, რაც ბავშვის ჯანმრთელ განვითარებას უწყობს ხელს. პატარა ბავშვების ფსიქიკა კი ჯერ კიდევ სუსტი და მგრძნობიარეა, ამიტომ სასაფლაომ შეიძლება მათში შიში და კოშმარები გამოიწვიოს.
არ გადაკვეთოთ გზა სამგლოვიარო პროცესიის წინ
დაკრძალვის პროცესიისთვის გზის გადაჭრა ასევე ცუდ ნიშნად ითვლება. ხალხში გავრცელებულია რწმენა, რომ ამან შეიძლება დაავადებები და უბედურებები გამოიწვიოს და ფატალურ შედეგამდეც მიგვიყვანოს.
თუმცა აქაც უფრო მარტივი ახსნა არსებობს — ეს არის პატივისცემის საკითხი. როდესაც დაკრძალვის პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია გამოვხატოთ თანაგრძნობა და პატივი მივაგოთ გარდაცვლილს და მის ახლობლებს.
არ გადაიღოთ ფოტოები
სასაფლაოზე ფოტოების გადაღება არასასურველია. გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ფოტოები საჭიროა იმ ახლობლებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ადგილზე მისვლას.
ეზოთერულად ითვლება, რომ სასაფლაოზე გადაღებული ფოტოები „ნეგატიურ ენერგიას“ შეიცავს, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
არ აიღოთ ის, რაც დაგივარდათ
არსებობს ტაბუ — არ უნდა აიღოთ ის ნივთი, რომელიც სასაფლაოზე დაგივარდათ. ზოგი ადამიანი ასეთ ნივთს ადგილზე ტოვებს, ზოგი კი „გამოსასყიდს“ ტოვებს მაგალითად, ხურდა ფულს ან ტკბილეულს.
ეზოთერული რწმენით, სასაფლაოზე დავარდნილი ნივთი შეიძლება ნეგატიური ენერგიით დაიმუხტოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი დაკარგვა მოგვიანებით აღმოაჩინეთ. ამიტომ, თუ ნივთი თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის, უმჯობესია იქვე დატოვოთ.
ორსულობა და სასაფლაო — სხვადასხვა კულტურის შეხედულებები
ძველი დროიდან არსებობდა რწმენა, რომ სასაფლაოზე განსაკუთრებული, ნეგატიური ატმოსფეროა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს დაუბადებელ ბავშვს. ზოგ კულტურაში სჯერათ, რომ დაუმშვიდებელი სულები შეიძლება ბავშვსაც კი „დაეუფლონ“.
ასევე ითვლებოდა, რომ თუ ორსული გარდაცვლილს შეხედავდა, ბავშვი სუსტი და ავადმყოფი დაიბადებოდა. მაგალითად, იაპონიაში რეკომენდებულია, რომ ორსულმა არ შეხედოს გარდაცვლილს.
კიდევ ერთი რწმენის მიხედვით, დაუბადებელ ბავშვს ჯერ არ ჰყავს მფარველი ანგელოზი (რომელიც ნათლობის შემდეგ ეძლევა), ამიტომ ის განსაკუთრებით დაუცველია.
თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია ამ ნიშნებს არ აღიარებს — თუ ორსულს ჯანმრთელობის მხრივ წინააღმდეგება არ აქვს, მას შეუძლია დაესწროს დაკრძალვას და ეწვიოს სასაფლაოს.

Leave a Reply