როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას?

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, განათლების სამინისტროს მიერ დაწყებით კლასებში სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“1.800.000 ასეთი სკოლის ფორმის შესყიდვა გამოაცხადეს ქოცებმა და ბიუჯეტს სულ მცირე ნახევარი მილიარდი სრულიად უსარგებლო ხარჯი “შეტენეს” იმისთვის, რაც საჭიროა თუ არა, არც კი გამოუკვლევიათ. უბრალოდ, ვიღაცამ ჩათვალა, რომ ასე კარგია და სწორი, სოციალური თანაბრობაა, ლამაზია, ხალხის გულს მოვიგებთ თუ არავინ არ იცის კიდევ რა არგუმენტით. ასე ჩათვალა თავის ტრავმულ გამოცდილებაზე ან საბჭოთა მეხსიერებაზე დაყრდნობით, თორემ კი არ დაუდგენია შესწავლით და ანალიზით.

თუ გადასაყრელი ფული ჰქონდათ (და დიახ, ეს საბიუჯეტო ფულის გადაყრაა), დენის გაძვირება, საწვავის და ბევრი სხვა რამის როგორ შეეჩერებინათ, ის ეფიქრათ.

მაგრამ საქმე კიდევ იმაშია (რაც მთავარია), რომ ამ შესყიდვაზე სულ მცირე 50 მილიონს მაინც ისე მოიპარავენ და ჩაიდებენ ჯიბეში, როგორც დაგიბარებია.” – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის,პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესასყიდი რაოდენობა და ესკიზები ცნობილია.

2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, მეორე ეტაპი კი საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ სამინისტროს ბაზრის კვლევა გამოცხადებული აქვს კოსტიუმებისთვის, ქვედატანებისა და შარვლებისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ რაოდენობას, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, „საგანმანათლებლო რესურსების“ დაკვეთით შესასყიდი ოდენობა უნდა იყოს 292 ათასი გოგონას პიჯაკი, 308 ათასი ბიჭის პიჯაკი, 438 ათასი გოგონას შარვალი, 616 ათასი ბიჭის შარვალი, 146 ათასი მუხლამდე ქვედაკაბა და 1000 გრძელი ქვედაკაბა.

ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *