სამწუხაროდ, 27 ივლისს კიდევ ერთი მძიმე ავტოკატასტროფა მოხდა. ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, საპირისპირო ზოლში მიმავალი ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი მანქანის მძღოლი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მეორე მანქანის მძღოლი დაზიანებებით ასევე კლინიკაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.ავტობანზე მოძრაობა გუშინ დიდი ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული, რადგან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ხელვაჩაურში მცხოვრები 39 წლის ლევან ლორთქიფანიძეა. როგორც თვითმხილველი გვიყვება, ავარიის შემდეგ მანქანიდან გადმოყვანილს, ფაქტობრივად, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
“საშინელი ავარიის თვითმხილველი გავხდი… რომ მივედი, ავარია ახალი მომხდარი იყო და ყველა დაშავებულების დასახმარებლად გარბოდა. ორი “ბმვ”-ს მარკის ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს – საპირისპირო ზოლში მიდიოდნენ. ორივე მანქანაში მხოლოდ მძღოლები იყვნენ. ერთი გადმოყვანილი იყო უკვე, ძირს დააწვინეს. სასწრაფოს მოსვლამდე დავაპირე ჩემი მანქანით კლინიკაში გადამეყვანა და როგორმე დავხმარებოდი, მაგრამ მითხრეს, რომ მისი განძრევა არ შეიძლებოდა. მალე სასწრაფოც მოვიდა. თავიდან გონზე იყო ის ახალგაზრდა ბიჭი, მერე გონებაც დაკარგა… მალევე გადაიყვანეს კლინიკაში.
მეორე მანქანა ისე იყო დალეწილი და დამტვრეული, იქ ადამიანის გადარჩენა წარმოუდგენელი იყო. ეტყობა, მანქანების შეჯახების შემდეგ, ის მეორე მანქანა ბორდიურს შეეჯახა. ბიჭი ძლივს გამოიყვანეს მანქანიდან. პულსს უსინჯავდნენ, ყვიროდნენ, არ ესინჯებაო, მაგრამ სასწრაფოში რომ ჩასვეს და წაიყვანეს, მქონდა იმედი, რომ ისიც გადარჩებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მერე სოციალური ქსელით გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი.
ძალიან განვიცადე. ვუთანაგრძნობ მის ოჯახის წევრებს. ეს ავარია ავტობანზე მოხდა, სანამ გადმოუხვევ ხელვაჩაურისკენ”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ფაქტის თვითმხილველი.
გარდაცვლილი ახალგაზრდა 39 წლის ლევან ლორთქიფანიძე ოჯახთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
“ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი მეზობელია ლევანი, ოთხი შვილის მამა, უფროსი შვილი 14 წლის იქნება, პატარა ერთი წლის არის. ჰყავს მეუღლე. ლევანის დედა ემიგრაციაში – იტალიაშია. ეს თავზარდამცემი ამბავი იქ გაიგო, რომ მონატრებული შვილი აღარ ჰყავს. საუკეთესო და თბილი ადამიანი იყო ლევანი, სიტყვები არ მყოფნი, ვუსამძიმრებ ყველას”, – ამბობს მეზობელი. განაგრძეთ კითხვა